ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა სევეროდონეცკში საკუთარი ტანკების მხარდამჭერი BMP-T "ტერმინატორების" ერთადერთი ჯგუფი გადაიტანა, რათა დონბასზე შეტევაში რუსულ ძალებს დაეხმაროს.
დაზვერვის ცნობით, ტერმინატორების ამ არეალში არსებობა შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ამ თავდასხმაში ცენტრალური დაჯგუფების სამხედრო ძალები (CGF) მოქმედებენ. ბრიტანეთის ცნობით ამ ჯგუფმა წარსულში ომის პირველ ფაზაში კიევის აღმოსავლეთზე თავდასხმისას დიდი დანაკარგები განიცადა.
დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა ტერმინატორი იმ ტანკების დასაცავად შექმნა, რომლებსაც ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომებში იყენებდა.
ბრიტანეთის ცნობით, სევეროდონეცკი რუსეთისთვის ტაქტიკური მნიშვნელობისაა, თუმცა, დაზვერვის ვარაუდით, ისინი "ტერმინატორებითაც" ვერ მიაღწევენ მნიშვნელოვან წარმატებას.
„სევეროდონეცკის არეალი რუსეთის მყისიერ ტაქტიკურ პრიორიტეტად რჩება. თუმცა, მაქსიმუმ 10 ტერმინატორით, რომელიც გადაიტანეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ კამპანიაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნებათ“ - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.